პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა" "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პროტესტს უცხადებს.
პარტიის საერთაშორისო მდივნის თეიმურაზ მურვანიძის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, ეროვნული ბანკი ახალი კანონის დამდგენი ხდება, რაც საერთაშორისო სამართლის და თავისუფალი ბაზრის ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"5 იანვარს ჩვენ დავიწყეთ პროექტი "უკანონო კანონების" წინააღმდეგ, რაშიც საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩავრთეთ. გვინდა საზოგადოებას მოვუწოდოთ ამ ახალ რეგულაციებს მეტი ყურადღება მიაქციონ, რომლის განხილვაც პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა"- განაცხადა მურვანიძემ.
მისი განცხადებით, დღეს მოქმედი კანონით ეროვნულ ბანკს ფართო შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ ბანკებში კრიმინალური ფული არ მოხვდეს.
პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობას ახალი რეგულაციების მიმართ აქტიური პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის წილის მფლობელებისა და ადმინისტრტატორებისთვის დამატებითი კრიტერიუმების დაწესების უფლება ექნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტით, ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება ენიჭება ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.
პროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებს ჯერ არ დაუწყია.

















