კახეთის რეგიონული 200 კილომეტრის სიგრძის საგზაო მონაკვეთის მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციისთვის 5 წლიანი ტენდერი გამოცხადდება.
ტენდერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოაცხადებს.
მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საპილოტე პროგრამა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდება.
"ტენდერში გამარჯვებული კომპანია კახეთის გზების მოვლა-შენახვას უფრო ეფექტურად შეძლებს და შედეგზე იქნება ორიენტირებული. თუ პროგრამამ კარგად იმუშავა, შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონზე განვახორციელებთ" - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
გზების რეაბილიტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. მსოფლიო ბანკმა ქვეყანას 70 მლნ აშშ დოლარი 25 წლიანი კრედიტის სახით გამოუყო. პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 225 კილომეტრი საერთო გზის რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო თანხის ნაწილი კახეთის რეგიონული გზების, დაახლოებით 200 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის მოვლა-შენახვა-რეაბილიტაციას მოხმარდება.

















