ხელშეკრულება საქართველოსთვის თანხის გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით გამოყოფას ითვალისწინებს. მას ხელი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ასად ალამმა მოაწერეს.
ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც დაესწრო.
დოკუმენტის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 225 კილომეტრი საერთო გზის რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო თანხის ნაწილი კახეთის რეგიონული გზების, დაახლოებით 200 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის მოვლა-შენახვა-რეაბილიტაციას მოხმარდება.
პროექტის ფარგლებში საქართველოში სულ 19 ადგილობრივი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება და 2013 წლის ბოლოს დასრულდება.
როგორც დიმიტრი გვინდაძემ განმარტა, სასესხო ხელშეკრულება 25 წელის ვადით დაიდო. მთლიანად პროექტის ფარგლებში 5 ათასამდე მოქალაქე დასაქმდება. პროექტს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ასად ალამის თქმით, პროექტი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისივე ცნობით, 1992 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 1,6 მლრდ აშშ დოლარია სესხის სახით გამოყოფილი.

















