ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის წილის მფლობელებისა და ადმინისტრტატორებისთვის დამატებითი კრიტერიუმების დაწესების უფლება ექნება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში შედის.
კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები კონკრეტულად არის გაწერილი - პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
ასევე, პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ იგი სასამართლომ ქმედუუნაროდ არ ცნო, არ არის ნასამართლევი და ა.შ.
ახალი კანონპროექტით კი, ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება ენიჭება ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.
პროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებს ჯერ არ დაუწყია.

















