საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ხუთ სამაუწყებლო კომპანიას სანქცია, გაფრთხილება დაეკისრა.
კომისიის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანიებმა შპს "ევროპა პლუს თბილისმა", შპს "აფხაზეთი TV"-მ, შპს "კორტესი-გიდაგომ", შპს "სპექტრმა" და შპს "ფოლკ-რადიომ" შესაბამისობის დეკლარაციები კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარადგინეს და ასევე, თავიანთ ვებ-გვერდებზე არ განათავსეს.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული ვალდებულების შესახებ განცხადება 2011 წლის დეკემბერში მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით გაავრცელა. საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილში მედიაგამჭვირვალობის გაძლიერების საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომლითაც სამაუწყბელო ლიცენზიის ფლობა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირებისთვის აიკრძალა.
კომისიის განმარტებით, აღნიშნულმა კომპანიებმა არ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რის გამოც კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხუთივე კომპანიის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

















