არასამთავრობო ორგანიზაციები 2011 წლის 26 მაისს ე.წ. "ყინწვისის სპეცოპერაციის" შედეგად დაკავებული 24 მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში ბევრი დარღვევა ფიქსირდება, დაკავებულები აწამეს და დააშინეს, რის გამოც ბევრმა მათგანმა პროკურატურასთან დანაშაულის აღიარებით საპროცესო შეთანხმება იძულებით გააფორმა.
იგი აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლიც დაკავებულთა დანაშაულს დაადასტურებდა, პრაქტიკულად არ არსებობს.
"როგორც მასალების შესწავლისას იკვეთება, დაკავების სპეცოპერაცია სერიოზული დარღვევებით ჩატარდა - ისე, რომ ადგილზე არც შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია არ შეუდგენიათ. ეს საბუთები პოლიციამ მეორე დღეს - 27 მაისს თბილისში შეადგინა და სიტუაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს მათი დაკავება მოხდა ამ დროს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ 24 ადამიანი ყინწვისიდან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იძულებით კი არ მიიყვანეს, არამედ საკუთარი სურვილით მივიდა "მოწმის სტატუსით"- განაცხადა ნანუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მიმართავენ ყინწვისში დაკავებული 24 მოქალაქის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებლად ჩაითვალოს და უკანონო პატიმრები საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ.
მიმართვას ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24 კაციანი დაჯგუფება 2011 წლის 26 მაისს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავების მიზეზად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად შეთქმულება დასახელდა.

















