ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ტრამპის მიერ ინვესტიციების საქართველოში განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჟურნალისტებს "სილქ როუდ გრუპში" ურჩევს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ტრამპის ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს, სწორეს ეს კომპანია აწარმოებს.
"როგორც ცნობილია, ტრამპის კორპორაცია ერთობლივ პროექტზე მუშაობს საქართველოში ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან. თქვენ შეგიძლიათ ამომწურავი პასუხი ამ კომპანიისგან მიიღოთ" - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში დაგეგმილი "ტრამპ თაუერის" მშენებლობა აღარ განხორციელდება და დონალდ ტრამპი ინვესტიციებს მხოლოდ ბათუმში ჩადებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი საქართველოში აპრილის ბოლოს ჩამოსვლასაც გეგმავს.

















