საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელსაც პარლამენტი ამჟამად დაჩქარებული წესით განიხილავს,
დღეს ბიზნესმენეს ფინანსტა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააცნო.
ამასთან ერთად, შეხვედრაზე ხადურმა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსდება გაგრძელდება. მინისტრის თქმით, 2013 წელი წარმატებული იქნება ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ბიზნეს-სექტორი და ბევრი ინიციატივა სწორედ მათთან შეთანხმებით მომზადდა. კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობის 200 ლარის ნაცვლად 50 ლარამდე შემცირება, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის დადგენილი ჯარიმის ოდენობის 500-დან 200 ლარამდე შემცირდება, ასევე, სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის პირველად გამოვლენისას, შესაძლებელი იქნება სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენებაც.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას, პირი 1 000 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება, ზედნადების გარეშე განმეორებით საქმიანობისათვის 10 000 ლარის ნაცვლად სანქციის ოდენობა კი 5 000 ლარით განისაზღვრება, საურავის ოდენობა 0,07%-იდან 0,06%-მდე მცირდება, საქონლის წარდგენის/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის მაქსიმალური ზღვარის 1 500 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარიანი ჯარიმა წესდება, ხოლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე 100 ლარის ნაცვლად, გადასახდელი 50 ლარი იქნება და სხვა.
ფინანსტა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისთვის, სამინისტრო მუშაობას განაგრძობს და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა კოდექსში ბიზნესსთან შეთანხმებით 2013 წლის განმავლობაშიც იგეგმება.