სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
სამუშაო ვიზიტის ძირითადი მიზანი, კირვალიძის განცხდებით, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს საუბილეო სხდომაში მონაწილეობა იყო.
„ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის, იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში ძირითად დონორად და მხარდამჭერად“ - აღნიშნა დავით კირვალიძემ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებითვე, ამერიკელი ბიზნესმენებისთვის საქართველოს მთავრობის პოზიცია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით საინტერესოა.
„ჩვენი მესიჯი იყო ძალიან ნათელი - საქართველოს მთავრობა ყველა ინვესტორს როგორც ქართველს, ისე უცხოელს - შეუქმნის ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო გარემოს“ – განაცხადა მინისტრმა.
კირვალიძემ ასევე ისაუბრა შეხვედრებზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), რომელიც სოფლის მეურნეობის კუთხით საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია და მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
უკვე ცნობილია, რომ თანხის ძირითადი ნაწილი, საირიგაციო სისტემის გაუმჯობესების პროექტს მოხმარდება. ასევე, პრიორიტეტებს შორის იქნება კერძო-სერვის ცენტრების განვითარება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ავტო-პარკით აღიჭურვება და ამასთან, ქართველ ფერმერებს საკონსულტაციო მომსახურებას შესთავაზებს.
დავით კირვალიძემ ყურადღება ასევე ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით, 11- დან 15 დეკემბრამდე იმყოფებოდა.

















