სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძემ, დღეს ქართული პროდუქციის გამოფენა - "აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად'' გახსნა და ქართველ მეწარმეებს გაესაუბრა.
,,სასიამოვნოა, რომ მცირე და საშუალო ფერმერებს მიეცათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია, რაც ადგილობრივ ნაწარმს პოპულარიზაციაში დაეხმარება. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს შეიძინონ ქართული პროდუქცია, რადგან მომხმარებლის გვერდში დგომა ჩვენი ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ სხვა პროექტებთან ერთად, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება-განვითარებას მიექცევა. ვიმედოვნებთ, რომ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთო ძალისხმევით, გაიზრდება ჩვენი პროდუქციის საექსპორტო ბაზარიც“ - განაცხადა დავით შერვაშიძემ.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ აგრეთვე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
გამოფენაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საკუთარი პროდუქცია 30-მდე მწარმოებელმა წარმოადგინა.

















