ფინანსთა მინისტრმა, ბოლო პერიოდში ფინანსთა სამინისტროს და მისი ქვეუწყებების მუშაობის შესახებ ანგარიში, დღეს სამინისტროში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე პირადად მოისმინა.
ნოდარ ხადურთან გამართულ სამუშაო თათბირს მინისტრის მოადგილეები, საქვეუწყებო სამსახურების უფროსები - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალების შემსრულებელი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, საგამოძიებო სამსახურის უფროსი და სამსახურის უფროსის მოადგილეები, ასევე დავების განხილვის სამსახურის უფროსი დაესწრნენ.
მათ მინისტრს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როგორც საგადასახადო ადმინისტრირების, ისე საგამოძიებო საქმიანობის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები გააცნეს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული და სენსიტიურია საკითხები, რომლებიც მეწარმეების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემატიკას ეხება.
ხადურმა მითითება მისცა ყველა სამსახურის ხელმძღვანელს - საგადასახადო და საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა იმოქმედონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, არ დაუშვან მეწარმეთა უფლებების დარღვევის ფაქტები, გადამხდელებთან ურთიერთობისას, დაიცვან პარტნიორობის პრინციპები და მკაცრი ადმინისტრირების პირობებშიც კი, მეწარმის მიმართ არ გამოიყენონ ე.წ. ჩასაფრების პოლიტიკა.
ნოდარ ხადურმა ასევე ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც დავების განხილვის საბჭოში არასამთავრობო სექტორის ჩართვას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების ნდობას ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ზოგადად, 2013 წლისთვის ფინანსთა სამინისტროს ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციისა და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს.

















