საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
 ინიციატივის დეტალები ჟურნალისტებს,  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ  დღეს გააცნო. 
ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკური საკითხების ირგვლივ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს  სთავაზობს, 2012 წლის 25 დეკემბრამდე, ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინონ საბჭოს სავარაუდო წევრების კანდიდატურები და ინფორმაცია მათი სამუშაო გამოცდილების შესახებ. 
ებრალიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, აირჩევა არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი, ხოლო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო ფართო სპექტრის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად,  ყოველ ექვს თვეში ერთხელ,  წევრები   როტაციის პრინციპით შეიცვლებიან.
 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო დავების განხილვის საბჭო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოს  წარმოადგენს, რომლის შემადგენლობას  საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












