საქართველოსა და ჩინეთს შორის 2011 წელს გაფორმებული „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე,
ქართულ მხარეს ტექნიკით ჩინური კომპანია Foton Lovol International Heavy Industry LTD უზრუნველყოფს.
დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, 2013 წლის მაისში საქართველოში, 9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა ჩამოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, 28 ერთეულ ტექნიკას შორისაა თვლიანი და მხოხავი ექსკავატორები, ასევე მხოხავი ბულდოზერები და მტვირთავები. ქართულ მხარეს გადმოეცემა ახალი მანქანა-დანადგარების სათადარიგო ნაწილებიც.
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მრჩევლის ლიუ ბოს განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში საირიგაციო სისტემის სრულყოფაში, რაც საბოლოოდ, ქართველ ფერმერებს დამატებით სარგებელს მოუტანს.
„გრანტის სახით გადმოცემული ტექნიკა, უკვე გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, მისცემს საშუალებას მელიორაციის დეპარტამენტს, განახორციელოს სამინისტროს მიერ დასახული ამოცანები“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძემ.

















