პარლამენტში, საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ,
დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ოთხი აუდიტორული ფირმა “PWC”, “Ernst &Young”, “KPMG” და “Deloitte” მონაწილეობს.
საკონკურსო კომისიის დღევანდელ სხომაზე, აუდიტორული ფირმების მიერ, დალუქულ კონვერტებში წარმოდგენილი დოკუმენტაცია გაიხსნა, რომელიც აუდიტორული ფირმების როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ წინადადებებს მოიცავს. კომისიის წევრებს გადაეცათ აგრეთვე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები.
კომისიის წევრებმა დღესვე ფინანსური წინადადებების გახსნის თარიღი განსაზღვრეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი გამარჯვებული, დამოუკიდებელი აუდიტორი კომისიამ 20 დეკემბრამდე უნდა გამოავლინოს.

















