ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ დღეს, ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, ფილიპ დიმიტროვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარ ამოცანას ადგილობრივი რესურსების ათვისება წარმოადგენს. „მოცემული კუთხით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ალტერნატიული ენერგორესურსების ათვისების საკითხსაც“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მინისტრმა ფილიპ დიმიტროვს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ინვესტორს ეძლევა შესაძლებლობა არსებულ ლიბერალურ გარემოში რეგიონის ყველა ქვეყანასთან, გამომუშავებული ელექტროენერგიით ვაჭრობა აწარმოოს.
კალაძის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციაში „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება“ გასაწევრიანებლად აქტიურ მუშაობას იწყებს. ორგანიზაციის მიზანი ევროპის შიდა ენერგეტიკული ბაზრის გაფართოებაა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისაკენ.
შეხვედრაზე ფილიპ დიმიტროვმა მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, როგორც ინსტიტუციონალურ დონეზე, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელების კუთხით.

















