"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა" მიიჩნევს, რომ გაურკვევლობა ენერგომატარებლების ტარიფებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება და პროცესზე არანაირი საზოგადოებრივი კონტროლი არ არსებობს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, საქართველოში არსებობს ჯაჭვი, რომლითაც დაკავშირებულნი არიან ელექტროენერგიის მომხმარებლები და მწარმოებლები. ეს ჯაჭვი რამდენიმე რგოლს - ჰიდროელექტრო სადგურებს, გამანაწილებლებს, დისტრიბუტორებს და თავად ელექტროენერგიის მომხმარებლებს მოიცავს.
"ტარიფი, რომელსაც ჩვენ ვიხდით ელ.ენერგიაზე ნაწილდება სამი ტიპის კატეგორიაზე - ჰიდროსადგურები – 34%, ანუ 4,61 თეთრი, ელექტროენერგიის გადამცემები – 6%, ანუ 0,81 თეთრი და ყველაზე დიდი წილი დისტრიბუციაზე – 60%, რაც 8,14 თეთრია, საერთო ჯამში, ტარიფი დღგ–ს გარეშე შადგენს 13,56 თეთრს.
ელექტროენერგიის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით, შესაბამის რეგიონებში, მონოპოლისტი კომპანიები "თელასი", "კახეთის დისტრიბუცია" და "ენერგო–პრო ჯორჯია" ახორციელებს, რომელმაც როგორც განაწილების, ისე წარმოების ლიცენზია 2007 წლის 18 მაისს მიიღო.
როგორც აღინიშნა, ტარიფის 60% ელექტროენერგიის განაწილებაზე, დისტრიბუციაზე მოდის. საქართველოში განაწილების წილი მთლიან ტარიფში გაცილებით მაღალია ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც დისტრიბუციის ფაქტორი მთლიან ტარიფში 20%-დან 40%–მდე ფარგლებში მერყეობს.
მივიჩნევს, რომ 1,2 თეთრზე ნაკლებად წარმოებული კილოვატი ელ.ენერგიის საშუალოდ 15 თეთრად გაყიდვა სცილდება ეკონომიკური ლოგიკის ფარგლებს. აქედან გამომდინარე "აფბა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მოუწოდებს დაუწესოს გამანაწილებელ კომპანიებს მოგების შედარებით დაბალი მარჟა" - აცხადებენ არასამთავრო ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, ევროპის სახელმწიფოებში განაწილების კომპონენტი მთლიან ტარიფში 20-40%–ის ფარგლებში მერყეობს, თუ საქართველოში განაწილების წილი მთლიან ტარიფში – 60%, საშუალოდ 25–30%–მდე შემცირდება, ამ გზით ტარიფი 4–5 თეთრით გაიაფდება. ანუ თუ განაწილების კომპონენტი 8.14 თეთრი შემცირდება და მისი წილი მთლიან ტარიფში 25%–მდე დავა, განაწილების საფასური 4,7 თეთრით შემცირდება და დღგ–ს გარეშე ტარიფი 8,86 თეთრამდე დაიწევს, დღგ–ს ჩათვლით კი ეს ციფრი 10,5 თეთრს მიაღწევს.

















