სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სს ,,ბანკი ქართუს" სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკის საგნების დიდი უმრავლესობა,      
სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში უკანონოდ გადაეცა. 
ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულ ქონებათა ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, პირდაპირი მიყიდვის გზით საკუთრებაში გადაეცა სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 
"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 3 ოქტომბერს (ანუ არჩევნებიდან მესამე დღეს) თვითმმართველი ქალაქ თბილისის თხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თვითმართველ ქალაქ თბილისს გადასცა შპს ,,ლოგოსის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი და თანდართულ ნუსხაში ჩამოთვლილი უძრავი ქონებები.
მათ უკანონოდ გასხვისებასთან და შემდგომში თვითმმართველ ქალაქ თბილისისათვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაშია შეტანილი" - ნათქვამია "ბანკი ქართუს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ამასთან, ,,ბანკი ქართუ" მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, თავი შეიკავონ ზემოხსენებული ქონებების შეძენისაგან ნებისმიერი გზით, რათა არ აღმოჩნდნენ არაკეთილსინდისიერი შემძენები, რომლებმაც იცოდნენ, რომ შესაძენ ქონებებთან დაკავშირებით  დავა  მიმდინარეობდა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












