საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის მეოთხე ფაზის განხორციელებას იწყებს. 
როგორც „ნიუსპრესს“ კორპორაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროგრამის მეოთხე ფაზაზე დაგეგმილია ზესტაფონი-ქუთაისის 700 მმ - დიამეტრის გაზსადენის 23 - კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და გორი-ქარელის მონაკვეთზე განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველი უბნების რეაბილიტაცია. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულდა. მასალების შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი უახლოეს ხანებში გამოცხადდება. 
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID)  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაზის ინფრატრუქტურის რეაბილიტაციისათვის 78 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო. 
მეოთხე ფაზაზე დადეგმილი მონაკვეთების მშენებლობა 2013 წლის ზაფხულისთვის დაიწყება.  პროგრამის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500 მმ-იანი დიამეტრის მილსადენი 700 მმ-იანით ჩანაცვლდება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












