საქართველოს საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ცვლილებები განხორციელდა.  
სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა  ირაკლი კოვზანაძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კორპორაციის თანამშრომლებს დღეს ახალი  გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი წარუდგინეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თვალაბეიშვილი ნავთობისა და გაზის სფეროში გამოცდილი კადრია. ის USAID-ის და MCG-ის პროექტების მენეჯერად, ასევე მსოფილიო ბანკის თბილისის ოფისში მუშაობდა.
”დავით თვალაბეიშვილის დანიშვნა გააძლიერებს კომპანიის ინტერესებს და გაზრდის მის ღირებულებას, უფრო ეფექტურს გახდის კომპანიის მენეჯმენტს და შესაბამისად კოორპორაციისა და საპარტნიორო ფონდის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება. კორპორაცია საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ამ მიმართულებით დგას”-განაცხადა კოვზანაძემ.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ კი  წარმატება უსურვა ახალ გენერალურ დირექტორს და იმედი გამოთქვა, რომ  კორპორაცია საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად,  ქვეყნის მოსახლოებისათვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
2007 წლის სექტემბრიდან დღემდე,  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ზურაბ ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












