საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლევენთ მურათ ბურჰანს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თემა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იყო.
„თურქეთი საქართველოსთვის პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ამიტომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის იყოს ორმხრივად სასარგებლო. მოგეხსენებათ, არის გარკვეული ტიპის ბარიერები, მათ შორის, თურქეთის ბაზარზე ქართული პროდუქციისთვის. ელჩთან ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ კოლეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან, ისე როგორც თურქული მხარე, გააგრძელებენ მოლაპარაკებებს, რათა ქართული პროდუქციის შეღწევადობა თურქეთის ბაზარზე გაიზარდოს. ამავე დროს, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა და ვიმსჯელეთ ამ კუთხით დღეს არებულ ვითარებაზე და იმ ბარიერებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ბარიერი საგადასახადო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებებია, რომელზედაც არა თუ თურქებს, არამედ ქართველებსაც ხშირად ხელი არ მიუწვდებოდათ“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისივე თქმით, მომავალში ყველა ეს პროცედურა ღია და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი მეწარმეებისთვის, ისე უცხოელი პარტნიორებისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საბაჟო სფეროში პარტნიორობისა და მისი შემდგომი განვითარების შესახებაც.

















