სს „თელასის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, შპს „მტკვარი ენერგეტიკა“–ს, სს „ხრამი–1“ და სს „ხრამი–2“ გენერალური    დირექტორი  დევი კანდელაკი დაინიშნა.   
„თელასის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დევი კანდელაკი 2000 წელს კომპანია „AES-მტკვარი“-ს ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003 წელს იგი გახდა კომპანია „მტკვარი ენერგეტიკა“–ს გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე დევი კანდელაკი შპს „მტკვარი ენერგეტიკა“–ს, სს „ხრამი–1“ და სს „ხრამი–2“ გენერალური    დირექტორია. 
„თელასი“–ს პრესსამსახურის ცნობითვე, მათი ყოფილი გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი კი მუშაობას „ინტერ რაო ეეს“–ის ჯგუფში,  „რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის“ („რაზთეს“–ის) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს.
სს „თელასი“ კომპანია „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში  2003 წლის აგვისტოში შევიდა. „ინტერრაო ეეს“-ის  მფლობელობაში „თელასის“ აქციათა 75% -ია, ხოლო 25%-მდე  კი სახელმწიფოს საკუთრებაა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












