საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერ კონკრეტულ ვადებზე საუბარი ნაადრევია და არ არის სახარბიელო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან უმჯობესია ყველა საკითხი სათანადო დონეზე მოგვარდეს ისე, რომ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
„ჩვენი მისამართით ორი კონკრეტული შეკითხვა დაისვა, დავეხმარებოდით თუ არა კერძო ბიზნესს თუ ის გამოხატავდა რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილს და ასევე, შევუწყობდით თუ არა ხელს რუსი ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლას ქართული პროდუქციის ხარისხის შესწავლის მიზნით. ორივე შემთხვევაში ჩვენი პასუხი დადებითია. ჩვენ ყოვლთვის დავეხმარებით კერძო ბიზნესს გაყიდვების არეალის გაფართოებაში და მივესალმებით რუსი ექსპერტების ვიზიტს ნებისმიერ ქართულ კომპანიაში, რომელიც თავად გამოხატავას შესაბამის სურვილს“ - განაცხადა დავით კივალიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი დენისოვის განცხადებით კი, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს შესაბამისი დაინტერესება და შესაძლებელია ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას.
ამასთან რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო აცხადებს, რომ მისი უწყება მზად არის რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის დაშვების მოთხოვნა განიხილოს.
დავით კირვალიძის განცხადებით, ეს პოზიტიური გზავნილია, რომელსაც შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს და საბოლოოდ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა მოხერხდეს.

















