პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავრობა უმოკლეს ვადაში ტარიფებს ხელახლა და სამართლიანად
გადაიანგარიშებს - ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კომუნალური ტარიფები რეალურ გათვლებს დაეფუძნება და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ივანიშვილი აცხადებს, რომ დაკანონდება შეღავათები დაბალი შემოსავლის მქონე და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, რეფორმა ჯანდაცვის სისტემაშიც იგეგმება. კერძოდ, ივანიშვილი ყველა მოქალაქეს ჯანმრთელობის დაცვის უნივერსალურ საბაზო პაკეტს ჰპირდება.
რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ის დაგროვებით სისტემაზე გადავა და მოქალაქეს პენსიის მიღება საკუთარი შენატანებით დაგროვილი სახსრებით შეეძლება. ამოქმედდება ევროპულ ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო სისტემა, რომლითაც ქვეყანა ევროპის სოციალური სივრცის შემადგენელი ნაწილი გახდება.
აღნიშნული რეფორმის ამოქმედებამდე კი, პენსიონერები საარსებო მინიმუმითან გათანაბრებულ პენსიას მიიღებენ. საარსებო მინიმუმს გაუტოლდება შრომითი პენსია, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარჩენალდაკარგულთა, პოლიტიკურ რეპრესირებულთა, ჩერნობილის ტრაგედიისგან დაზარალებულთა, ომისა და შრომის ვეტერანთა და სხვა სპეციფიკური კონტინგენტის სახელმწიფო პენსია.
ივანიშვილი აცხადებს, რომ უკიდურესად გაჭირვებულთათვის სოციალური დახმარების ოდენობა და დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზრდება.

















