საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ იმ კომპანიების ჩამოშორებით, რომლებიც ფასების შექმნაში
ხელოვნურად მონაწილეობენ, უახლოეს მომავალში ტარიფების დაწევა შესაძლებელი გახდება.
როგორც მან საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით რეალური ანალიზი გაკეთდება. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობას გარკვეული ციფრები უკვე აქვს.
„ვიცი როგორც ვყიდულობთ გაზს, რამდენი გვაქვს უფასო, რამდენი გვაქვს დაბალი კომერციული ფასით, როგორია კომერციული ფასი აზერბაიჯანიდან. სანამ სადისტრიბუციო კომპანიამდე მივა იგი საშუალოდ, 143 თუ 159 დოლარია. ისიც ვიცით, რომ იქ არიან კომპანიები, რომლებიც ამ ფასის ხელოვნურად გაზრდას ახერხებენ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხშირად ხელისუფლების წევრების კომპანიების მხრიდან გაზისა და ელექტროენერგიის ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი.
„იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ტარიფებმა, რეზერვი არსებობს. მომავალში ამისთვის მართვის ოპტიმიზაცია და ეკონომიკური რეფორმები მოხდება. უნდა მოვახერხოთ, რომ ჰესების მეპატრონე ქვეყანაში, ელექტროენერგია უფრო იაფი იყოს და არა ევროპის განვითარებული ქვეყნების ფასებთან დაახლოებული“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რთულია თქმა ზუსტად რა რაოდენობით დაიწევს კომუნალური გადასახადები, მაგრამ მომავალში ეკონომიკის აღზევებით ტარიფების კიდევ უფრო შემცირება გახდება შესაძლებელი.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გაზისა და ელექტროენერგიის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით შეკითხვა უმცირესობის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ დაუსვა.

















