„საქართველოს რკინიგზა“ თანამშრომლებს სიფრთხილის გამოჩენისა და რადიკალური ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია ნათქვამი, მათ დანაპირები შეასრულეს და 30 ნოემბრიდან თანამშრომლების ხელფასების მატება დაიწყება.
განცხადების თანახმად, აღნიშნული პერიოდიდან მემანქანეს - 1 250 ლარი,  მემანქანის თანაშემწეს - 900, დიდი დატვირთვის სადგურის უფროსებს - 2 500, დიდი დატვირთვის სადგურის მორიგეებს - 900 ლარი ექნებათ, სხვა ყველა დანარჩენ სადგურებზე მუშაობის მოცულობიდან გამომდინარე ხელფასები სადგურის უფროსებისთვის - 900-დან 1800 ლარამდე, ხოლო სადგურის მორიგეებისთვის - 750-დან 900 ლარამდე შეადგენს.
„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების განცხადებით,  500 ლარამდე გაიზარდა სალიანდაგოს მუშების ხელფასიც, ხოლო სალიანდაგო-სარემონტოს მუშებს „სწრაფი რკინიგზის" პროექტის ფარგლებში 100 ლარიანი სახელფასო დანამატი დაუწესდათ.
„მას შემდეგ რაც გენერალურმა დირექტორმა სამეთვალყურეო საბჭოს მიმართა, მისი უფლებამოსილება შეჩერებულია. შესაბამისად, დირექტორთა საბჭო ვერ შეიკრიბება. ბიუჯეტში პარამეტრების შეცვლა და თანამშომლების ნაწილის მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ თანამშრომლებს მოუწოდებს, საკუთარ ვალდებულებებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
„თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ,  სიფრთხილით  მოეკიდეთ  გარდამავალ პერიოდს და თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან. პასუხიმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ ვალდებულებებს, რადგანაც  საქართველოს რკინიგზის ტვირთების 85% საერთაშორისოა, შემოდგომა  სპეც-ტვირთების იმპორტის პერიოდია და  გეგმაზომიერი მომსახურებაა საჭირო“- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები.
განცხადების თანახმად, ნებისმიერი შეფერხება „საქართველოს რკინიგზისა“ და სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი და ზიანის მომტანია. 
როგორც „რკინიგზელთა პროფკავშირის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რკინიგზელები ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას,  საპრემიო სისტემების სამართლიან ჩარჩოებში მოქცევას მოითხოვენ. მათი  მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამაფრთხილებელი გაფიცვა 24 ოქტომბერს მთელი კომპანიის მასშტაბით გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












