„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი დაწმუნებულია, რომ საბანკო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება სახელმწიფოს ხელოვნური ჩარევის გარეშეა შესაძლებელი.
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯავახიშვილის თქმით, საქართველოში მაღალი საბანკო საპროცენტო განაკვეთების თემა აქტუალური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილის არ გაუხდია, როგორც ამის წარმოჩენას მედია ცდილობს. მისი განცხადებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ ბანკების წარმომადგენლებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ მიუთითა.
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის განმარტებით, ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზეც განაცხადა, რომ საბანკო განაკვეთების თემა საკმაოდ რთული საკითხია და სახელმწიფო ამ მიმართულებით ინტენსიურად იმუშავებს.
„გეგმები და ნიშნულები ჩვენ არ განგვისაზღვრავს. მხოლოდ ერთ გარემოებას ვუსვამდით ხაზს - როგორც ეკონომიკის ყველა სფეროში, ისე საბანკო სეტორში, იყო ხელისუფლების არასწორი და დანაშაულებრივი ჩარევის არაერთი მცდელობა“-აღნიშნა მან.
ჯავახიშვილი აცხადებს, რომ სექტორში ბევრი პრობლემაა, თუმცა, იმედი აქვს, რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების სრულად ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.
„როდესაც ვსაუბრობთ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვაზე, ავტომატურად ჩნდება იმედი, რომ საბანკო სფეროში საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, თუმცა, არავითარი ნიშნული არ დაგვიყენებია და არც იმას ვამბობთ, ეს როდის და როგორ მოხდება. საბაზრო ეკონომიკის ფუძემდებლური პრინციპი კონკურენციაა, რომელიც ნებისმიერ სფეროში გამარჯვებულს ტოვებს მხოლოდ ერთ მხარეს - მომხმარებელს“ - აღნიშნა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე, კრედიტის გაცემის პირობებიც გამარტივდება და საპროცენტო განაკვეთებიც თანდათანობით დაიწევს.
მისივე თქმით, პროცენტის ოდენობას არა ვინმეს ბრძანება, არამედ სფეროში არსებული რისკები განსაზღვრავს.
„დღემდე საქართველოში იყო უზარმაზარი სახელისუფლებო რისკი და ეს ფასებს მაღლა სწევდა ყველა სფეროში, მათ შორის, საბანკო პროცენტებსაც“-განაცხადა ჯავახიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების კლება ცალმხრივი პროცესი არ არის და ის დეპოზიტების განაკვეთებთანაა მიბმული.

















