ბათუმი უმსხვილესი უკრაინული ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების X საიუბილეო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიება 21-24 ოქტომბერს სასტუმრო Radisson Blu Hotel, Batumi-ში გაიმართება.
კონფერენციის ტრადიციული ორგანიზატორია ავტომატიზებული სისტემების შემუშავების დარგში უკრაინის წამყვანი კომპანია „CS”, რომელმაც ყოველწლიური კონფერენციისთვის უკვე ზედიზედ მეორედ საქართველო შეარჩია.
კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, გასულ წელს თბილისში ჩატარებული კონფერენცია იმდენად რეზონანსული და საინტერესო აღმოჩნდა, კომპანიამ საიუბილეო კონფერენციის კვლავ საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
კონფერენციას 76 მონაწილე ეყოლება, მათ შორისაა 30 უკრაინული ბანკის წარმომადგენელი, „CS”-ის თანამშრომლები და პარტნიორი კომპანიები.
კონფერენციას ქართული საბანკო სექტორის IT სპეციალისტებიც დაესწრებიან, რაც კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით, ორ ქვეყანას შორის საბანკო ავტომატიზაციის სფეროში ურთერთობების გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის აუცილებელი პირობაა.
კონფერენციის ფარგლებში „CS”-ის წარმომადგენლები უკრაინული საბანკო და საფინანსო ორგანიზაციების სპეციალისტებთან ერთად გასული წლის შედეგებს შეაჯამებენ, სამომავლო გეგმებს დასახავენ და უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს განიხილავენ.

















