ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების საკითხს სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს.
როგორც კვირიკაშვილმა დღეს „მაესტროს“ პრესკლუბში განაცხადა, ამ საკითხის მოგვარებაში წამყვანი ფიგურა საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება, რადგან მისი გადაჭრა ძალიან ბევრ წინაპირობაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ევალება პროცესისთვის ფეხის აწყობა, თუმცა, წამყვანი ფიგურა ნამდვილად არ იქნება.
„რაიმე პროგნოზის გაკეთება დღეს ძალიან ძნელია, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ინვესტორების შემოსვლას და ექსპორტის წახალისებას ყველანაირად შევუწყობთ ხელს. თუ როდის მოხდება რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, ამის თქმა ამ ეტაპზე ძალიან ძნელია“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება სათამაშო ბიზნესს, მინისტრობის კანდიდატი კომენტარისგან თავს იკავებს, რადგან, მისი თქმით, საკითხი ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.
„ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, ბიზნესგარემოში ნებისმიერი ცვლილების შესახებ წინასწარ გამოცხადდება. ასევე, ყველა ინვესტორს ვადა მიეცემა, რათა ზარალი არ განიცადოს“ - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, გადასახადების ზრდის ან ლიცენზიების ჩამორთმევის მსგავსი გადაწყვეტილებები წარსულს ჩაბარდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღება მაინც გახდება საჭირო, მას მხოლოდ საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ გონივრულ ვადებში მიიღებენ.

















