საქართველოში მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული სანქციები შეუმცირდება.
ამის შესახებ დღეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმას ალექსანდრე ხეთაგურმა გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის მიზანი ტელემედიის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქება და მათი თანაბარ პირობებში ჩაყენებაა.
ამასთან, როგორც ხეთაგურმა აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას და კონკურენციის გაზრდას. ტელეკომპანიებს ხოლო საშუალება მიეცემათ მოიზიდონ ახალი ინვესტიციები ამ სფეროში.
ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ყველა მაუწყებელს საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, წერილობით მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და მათთან ერთად სამუშაო ვითარებაში დაიწყოს საგადასახადო დავალიანების შემცირებაზე მსჯელობა.

















