კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ ეთანხმება კომერციული ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით,
რომ დღეს საბანკო სექტორი არაპოლიტიზებულია.
აღნიშნული თემის განხილვას დღეს ივანიშვილისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე მცირე კამათი მოყვა.
როგორც შეხვედრაზე გვასალიამ აღნიშნა, გავრცელებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო სექტორის წარმომადგენლები „ჰალსტუხიანი ყაჩაღები“ არიან, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამასთან, მისივე თქმით, სექტორი პოლიტიზებული არ არის, რადგან ეს დაუშვებელია.
გვასალიას პასუხად ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სექტორის არაპოლიტიზებულობის ნაწილში მას არ ეთანხმება და ამის არგუმენტი მოიყვანა.
როგორც კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, პოლიტიკაში მისი მოსვლის შემდეგ, ხელისუფლებამ მის მფლობელობაში მყოფი „ქართუ ბანკის“ დახურვა გადაწყვიტა, ამისთვის კი, იპოთეკასთან დაკავშირებული კანონი შემოიღო, რომელიც საბანკო სისტემას მთლიანად ანგრევდა, თუმცა, ამის წინააღმდეგ ვერც ერთმა ბანკმა ხმის ამოღება ვერ გაბედა.
„როგორც ვიცი, ყველა ბანკს ცალ-ცალკე შეუთანხმეს, რომ ეს კანონი მხოლოდ „ქართუ ბანკზე“ იმუშავებდა და არავის გაებედა ხმის ამოღება. მართლაც, ყველა გაჩუმდა. ამ კანონით ვერც ერთი კომერციული ბანკი ვერ დარჩებოდა ცოცხალი. მთავრობამ ბანკებთან „ქუჩის ბიჭების“ დონის მოლაპარაკებები აწარმოა. სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას, თუმცა, არ მინდა, ბანკირებს შეურაცხყოფა მივაყენო. ამ ტერმინს მხოლოდ ხელისუფლებასთან მიმართებაში ვამბობ“-აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე თვეში, ხელისუფლებამ აღნიშნული კანონი შეცვალა, თუმცა, ამასობაში „ქართუ ბანკიდან“ 190 მლნ ლარის ოდენობის გირაოს თანხის ამოღება მოახერხა, მაშინ, როცა ეს არც ერთ სხვა ბანკს არ შეხებია.
„რაც გინდათ დაარქვით ამას - გინდა პოლიტიზება, გინდა სხვა რამ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გახსენებთ, რაც იყო. აბსოლუტურად მართვადი იყავით ყველანი და ერთი ხმის ამოღება ვერ გაბედეთ იმ კანონზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საბანკო სისტემასთან“-განუცხადა ივანიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს.

















