აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე
მეტად გაიზარდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც 2021 წლის ივნისში დაფიქსიბეული ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა.
მისი თქმით, მნიშნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა.
„მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ 2020 წელთან მიმართებით, 9%-ზე მეტით გაიზარდა ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12.7%-ით, რაც პრაქტიკულად, ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ივნისის ეკონომიკურ ზრდაში, პრაქტიკულად, ყველა სექტორმა შეიტანა წვლილი.
„დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვები 37%-ითაა გაზრდილი და ეს ზრდა ნაწილდება ყველა სექტორზე. უმჯობესდება სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც - მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ექსპორტის მაჩვენებელი, პოზიტიურია დინამიკა გადმორიცხვების მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.