„არ ვგეგმავთ ეკონომიკის ჩაკეტვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ, ეკონომიკა განვითარდეს
და გაჯანსაღდეს", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არსებული კოვიდ-სიტუაციის კომენტირებისას. ნათია თურნავას თქმით, ამჯერად მდგომარეობის გარდატეხა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის საშუალებით უნდა მოხდეს.
„ახლა ქვეყანაში სრულიად საკმარისი რაოდენობითაა ვაქცინები იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გარდავტეხოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით - ჩაკეტვა ახლა, პრაქტიკულად, მიუღებელი ფორმაა. რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას - საუბარია არსებული რეგულაციების გამკაცრებაზე, ანუ ჩვენ კვლავ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოსახლეობამ პირბადეები ატაროს და დაიცვას ელემენტარული წესები. დაწესებულებებში ხდება ამ წესების დაცვა, სადაც არ იცავენ, ხდება ამის კონტროლი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შესაბამისად, ნათია თურნავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაიმე სექტორული, წერტილოვანი თუ უფრო მკაცრი შეზღუდვის, რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სწორედ მასობრივი ვაქცინაციის დაჩქარებით მოხდეს არსებული კოვიდ-სიტუაციის გარდატეხა.
„გასაგებია, რომ ლოქდაუნის პრაქტიკა არსებობდა გლობალურად მსოფლიოში და პანდემიის დასაწყისში საქართველოც ამას იყენებდა - მაშინ ცოდნაც ნაკლები იყო, გამოცდილებაც და ვაქცინებიც არ არსებობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წელი - 6%-ით დავამთავრეთ, ეს იყო გარდაუვალი, მაგრამ ძალიან მტკივნეული. დღესდღეობით, გვაქვს რა ვაქცინები და შეგვიძლია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას უკვე აღარ მივყვებით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.