საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოში სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ. ხელმომწერი მხარეები ასევე არიან სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო.
აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფასა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით ძალისხმევის გააქტიურებას.
ამასთან, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ენერგოსისტემის მდგრადობას კონკურენტული და გამჭირვალე სასაქონლო ბირჟის ჩამოყალიბებით, რომელიც დაფუძნებული იქნება არადისკრიმინაციულობის, თავისუფალი ვაჭრობისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარდაჭერა ასევე მოიაზრებს ექსპერტული კონსულტაციის გაწევას სამართლებრივ, საორგანიზაციო და სტრუქტურულ საკითხებში, ასევე სამინისტროსა და სხვა მხარეების დახმარებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნების განხორციელებაში.
მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დეკარბონიზაციისა და ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესები, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების დამატებითი სარგებლის შეთავაზებით. ამგვარი ძალისხმევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია „პარიზის შეთანხმებით" გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.