ჩვენ, როდესაც გადავწყვიტეთ, რამდენიმე თვის წინ, შეზღუდვების მოხსნა, მაშინ, რა თქმა
უნდა, ვიხელმძღვანელეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აპრილის თვეში უპრეცენდენტო ეკონომიკურ ზრდაში აისახა.
„ახლაც, თუ რამეს ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის და მათი ინტერესებისთვის. ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რა თქმა უნდა, კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - 45%, რაც იყო მართლაც უპრეცედენტო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად, შეიძლება ითქვას, ევროპის მასშტაბითაც. მაისის თვეში გვქონდა ასევე ძალიან მაღალი ზრდა - 25%-ის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა, ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 15-დან 18%-მდე. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით. ამან, რა თქმა უნდა, დამატებითი რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა ბიუჯეტში, ამიტომ, ბატონმა ფინანსთა მინისტრმა მოამზადა შესაბამისი ცვლილებაც და წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.