„2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
სარეკორდო 6. 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.7 პროცენტით მეტია. ეკონომიკის გაჯანსაღება იმ კუთხითაც არის აღსანიშნავი, რომ ქვეყანა გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, პოლიტიკური რყევების მაღალ ამპლიტუდაში იმყოფება და ოპოზიციის მხრიდან ასეთი დესტრუქციის ფონზე კარგია, რომ ასეთი შედეგები გვაქვს,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ. „საქსტატის“ 2021 წლის ივნისში საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას.
მისი თქმით, ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში კვლავ მზარდია ექსპორტის მოცულობა.
„აპრილიდან მოყოლებული, ექსპორტის ზრდის დინამიკა მართლა შთამბეჭდავია. 2021 წლის ივნისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 30.1 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 349.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის ივნისში დაფიქსირებულ მონაცემებსაც. ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი გაიზარდა 25.5 პროცენტით და 1,887.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. რაც მთავარია, პოზიტიურია 2021 წლის პირველ ნახევარში წმინდა ექსპორტის დინამიკაც, ექსპორტის ზრდის დინამიკამ მნიშვნელოვნად გადაფარა იმპორტის ზრდის მაჩვენებელი გაიზარდა რა 25.2 პროცენტით, იმპორტის 18.9 პროცენტით ზრდასთან შედარებით, შესაბამისად იანვარ-ივნისში სავაჭრო დეფიციტი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 2.0 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, ექსპორტის სტრუქტურაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) დინამიკაც. 2021 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტი 27.6 პროცენტით გაიზარდა და 1 377.6 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს გაუტოლდა. ამასთან, ივნისში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.7 პროცენტით გაიზარდა და 256.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 40.4%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის ივნისის მონაცემსაც კი.
„ექსპორტის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება მიუთითებს, გასული წლის ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის დადებით ტენდენციაზე, რაც პირველ რიგში ეკონომიკის ზრდაზე და სავალუტო კურსზე აისახება პოზიტიურად. სავარაუდოდ, ივნისში წინა ორი თვის მსგავსად ეკონომიკა კვლავ ორნიშნა ციფრით გაიზრდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურიზმის სექტორის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავალუტო ნაკადები, რაც სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, პოზიტიურ მოლოდინებს და სავალუტო კურსის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. „სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ამ დინამიკაში, ღიად ჩანს ნაცმოძრაობის და მის სატელიტებად ქცეული რადიკალური ოპოზიციის და მხარდამჭერი მედიის, რეალურად კი პარტიული ტელევიზიების ისტერიაზე აგებული დღის წესრიგის მიზანი. რაც გუშინ პარლამენტში ვიხილეთ, ღიად მიანიშნებს ამ მარგინალიზირებულ და დესტრუქციაზე მომართულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ერთადერთ მიზნად არა საპარლამენტო საქმიანობა, და მოსახლეობის ინტერესების დაცვა, არამედ კვლავ საბოტაჟის და ობსტრუქციით, ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მიღწევა სურთ და შესაბამისად, აქცენტსაც რადიკალიზაციაზე აკეთებენ. სხვა ახსნა კლოუნადად ქცეულ ამ პერფომანსებს, ადგილობრივ არჩევნებამდე ორი თვით ადრე უბრალოდ არა აქვს,“ - განაცხადა ექსპერტმა.