საქსტატის მიერ წარმოებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსათვის, აკვაკულტურისათვის განკუთვნილმა ტბორების
ფართობმა 2 448.1 ჰექტარს მიაღწია, რაც 1.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა და 28.3 ჰექტარით განისაზღვრა. 2020 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა, საერთო ფართობით - 1 618.0 ჰექტარი. სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა 476.9 ჰექტარი, იმერეთში 166.6 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 186.6 ჰექტარი შეადგინა. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით - 19.2 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.3 ჰექტარს, აჭარაში - 2.0 ჰექტარს, გურიაში - 1.5 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.3 ჰექტარს არ აღემატება.
2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი წინა წელთან შედარებით 16.0 პროცენტით შემცირდა და 2 071.5 ტონა შეადგინა. ორაგულისებრთა წარმოება 1 155.2 ტონა იყო, რაც 13.8 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლს. კობრისებრთა წარმოება 17.2 პროცენტით შემცირდა და 838.4 ტონას შეადგინა. წინა პერიოდთან შედარებით 38.2 პროცენტით შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება და 60.1 ტონით განისაზღვრა. ლოქოსებრთა წარმოებამ 17.5 ტონა შეადგინა, რაც 22.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ორაგულისებრთა წარმოებაში 98.1 პროცენტით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში კი 42.9 პროცენტი მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 43.0 პროცენტი თეთრი და ჭრელი სქელშუბლას და 13.6 პროცენტი თეთრი ამურის წარმოებაზე. 2020 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს კახეთი, რომელზეც მოდის ქვეყანაში წარმოებული თევზის 32.2 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი - 31.4 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურია - 11.1 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 25.3 პროცენტი მოდის.
საქსტატის ცნობითვე, 2020 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 14.7 პროცენტით გაიზარდა და 2 929.7 ტონა შეადგინა, აქედან კობრისებრთა ოჯახის წილი 60.2 პროცენტი იყო, ორაგულისებრთა ოჯახის - 26.1 პროცენტი, ზუთხისებრთა ოჯახის - 12.5 პროცენტი, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის - 1.2 პროცენტი.
2020 წელს 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) 10.2 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის - 8.0 ლარი, თეთრი ამურის - 6.3 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 4.3 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის - 27.6 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს - 16.0 ლარი.