პარლამენტის კომიტეტებში მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტის განხილვა
გრძელდება.
დღეს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
ბიუჯეტში შესატან ცვლილებათა პროექტზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა და ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე იმ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება რამაც მთავრობას საშუალება მისცა ბიუჯეტში ცვლილებები შემოსავლების ზრდის მიმართულებით განეხორციელებინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი პანდემიის პირობებში დაიგეგმა, როდესაც ეკონომიკის მყისიერი აღდგენის მოლოდინები არ არსებობდა.
„მარტიდან შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, ხოლო აპრილიდან ეკონომიკაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესები განვითარდა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 45% შეადგინა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხოლო ხუთი თვის მონაცემებით კი - 11,5%-ია. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსულობები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება. ცვლილებები ხორციელდება ძირითადად სამი მიმართულებით, ეს არის: საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება; ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსებას და ეკონომიკის მწარმოებლურ სექტორებში ახალი პროექტების გაჩენას; კოვიდის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ღონისძიებები", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მომხსენებლის ინფორმაციით, მთავარი პრიორიტეტი იყო დეფიციტის შემცირება და შემოთავაზებული ცვლილებებით დეფიციტი 7,6%-დან 6,9%-მდე მცირდება, ეს კი ვალის 54,6%-მდე შემცირების საშუალებას იძლევა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის დამატებითი შემოსულობები, რომლებიც ერთ მილიარდზე მეტია, პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ჯანდაცვის დანახარჯების დაფინანსების გარდა, რამდენიმე სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდის საშუალებასაც იძლევა და იგი ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების გაზრდისკენ არის მიმართული. ბიუჯეტის ცვლილებები ინფრასტრუქტურული პროექტების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებელი სექტორის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს, მათ შორის, ეს არის პროგრამები: „მეწარმეობის განვითარება", „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა", „ერთიანი აგროპროექტი", რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები, „განახლებული რეგიონები" და ა.შ.
კომიტეტებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.