საქართველოს ორდღიანი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა
თურაგაი ეწვია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მაღალი რანგის სტუმარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა დახვდა.
ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-3 შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა გლობალური პანდემიის პირობებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების განსაკუთრებულ წვლილს, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ამასთან, საუბარი შეეხო, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა რკინიგზით გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის პირობები და სხვა.
ლევან კაკავას თქმით, საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციის პროცესში, აუცილებელია ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში მიმდინარეობდეს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას, როგორც საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში.
,,საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მნიშვნელოვანია მიღებულ მონაცემთა ურთიერთგაცვლა, რომლის შედეგად კერძო სექტორისთვის გამარტივდება და დაჩქარდება საბაჟო პროცედურები. ჩვენ ადმინისტრაციებს შორის ყოველთვის იყო სამაგალითო თანამშრომლობა, რომელიც ხელს უწყობს საერთო მიზნების დროულად გამოკვეთას და მათ შედეგიან შესრულებას“,- განაცხადა ლევან კაკავამ.
ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და რიზა თუნა თურაგაიმ, ხელი მოაწერეს „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“.
გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას, დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტმენტის უფროსი სამსონ ურიდია და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების სხვა წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ რიზა თუნა თურაგაიმ ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერა და წინასწარი დეკლარირებისა და ტვირთების განბაჟების პროცედურებს ადგილზე გაეცნო.