გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
ცირკულარული ეკონომიკის შესახებ გამართულ სემინარს დაესწრო. მინისტრის მოადგილემ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიდგომებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
როგორც სოლომონ პავლიაშვილმა სემინარზე აღნიშნა, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგვა სამრეწველო ნარჩენების შეკვეცის, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირების, კლიმატური ცვლილებების შერბილებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას იძლევა.
„ცირკულარული ეკონომიკური სისტემა ბუნებრივ რესურსებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოიხმარს, მასალებისა და პროდუქციის ღირებულებას მათი წრებრუნვის გზით ინარჩუნებს და ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ამცირებს. დღეს, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან; ამ ეტაპზეა საქართველოც. ცირკულარული ეკონომიკა ეფექტიანი გზაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილის მისაღწევად “, - განაცხადა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა.