საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის განცხადებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნება და ავიარეისების რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობს საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვას საქართველოში.
„ჩვენ უკვე ვხედავთ ტურისტული ნაკადის ზრდას ქვეყანაში, რაც საკმაოდ პოზიტიური პროგნოზის საშუალებას გვაძლევს 2021 წელთან დაკავშირებით. აღდგენილი ფრენები მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მოგზაურთა ზრდას. როგორც იცით Wizz Air-მა განაახლა ავიარეისები, პირველ ეტაპზე 6 მიმართულებით, თუმცა ამ კუთხითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ გაიზარდოს სიხშირეები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას ქვეყანაში.“- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი - 1 ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დამატებით 6 მიმართულებით შეასრულებს.
პირველ ეტაპზე, ეპიდსიუტაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.