საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ივლისსა და აგვისტოში ტრენინგების კურსი: „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ გაიმართება.
ტრენინგები აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისათვის არის განკუთვნილი.
ტრენინგებზე დასწრება სოფლის ტურიზმით დაინტერესებულ და ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მსურველებსაც შეეძლებათ.
ტრენინგის, რომელსაც საქართველოს ეკო-ტურიზმის ასოციაციის ტრენერები გამართავენ, თემებია ტურისტული პროდუქტები, წარმატებული ტურისტული პროდუქტების მაგალითები, რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო, ფინანსური აღრიცხვა და ფასწარმოქმნა, დივერსიფიცირებული პროდუქტი და დივერსიფიცირებული კომუნიკაციის არხები და ა.შ.
სასწავლო კურსები სრულიად უსასყიდლოდ ტარდება საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და დაბებში: ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ხონი, წყალტუბო, ხარაგაული, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, გორი, კასპი და ხაშური.