ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი
მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან განიხილა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა კოვიდ-პანდემიის შედეგად აღმოჩნდა, აგრეთვე მათი დაძლევის გზებზე. მარიამ ქვრივიშვილმა სებასტიან მოლინეუსს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტების შესახებ, რომელთაც ახორციელებს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების სწრაფ აღდგენასა და გაძლიერებას, აგრეთვე მათ შემდგომ განვითარებას.
აღინიშნა, რომ ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორები კოვიდ-მა მნიშვნელოვნად დააზარალა. მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე, რომელთაც მთავრობამ და კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმართა აღნიშნული სექტორების მხარდასაჭერად. მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანი გამოცოცხლებაა როგორც სამოქალაქო ავიაციაში, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს სამი აეროპორტიდან ბათუმში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკვე პოზიტიური აღდგენის დინამიკაა. ასევე დადებითი შედეგებია როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტში, სადაც აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ „ვიზეარი" ბაზა უკვე დააბრუნა და ევროპის რამდენიმე ქალაქში ქუთაისიდან დაიწყებს ფრენას.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს კოვიდ - პანდემიის გამოწვევების დაძლევის, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციების აღდგენა - განვითარების მიმართულებით.