„სასიხარულოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში,
ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება კოვიდ-პანდემია, საქართველოში იხსნება მაღალი კლასის, რეგიონული მნიშვნელობის საწარმოები და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „მაკდონალდს საქართველოს" ინვესტიციით შექმნილი, საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდის" ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, აქამდე, „მაკდონალდს საქართველო" აღნიშნული პროდუქციის იმპორტირებას ახდენდა ევროპიდან, ხოლო ამ საწარმოს ამოქმედებით მოხდება როგორც იმპორტის ჩანაცვლება, ასევე, მომდევნო ეტაპზე, საწარმო რეგიონულ მნიშვნელობას შეიძენს და მოამარაგებს სხვა ქვეყნებში არსებულ ფილიალებსაც.
როგორც საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი" ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს და მასში დასაწყისისთვის -30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. „ბრედფილდი" საკუთარი პროდუქციით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, ხოლო 2022 წლიდან მისი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა.
„საწარმოს ამოქმედებით დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც წარმატებული კომპანია აფართოებს თავის ოპერირებას საქართველოში და ახდენს მიწოდების ჯაჭვის შემდგომ ლოკალიზებას. სასიხარულოა, რომ ეს არ არის „მაკდონალდს საქართველოს" პირველი რეგიონული საინვესტიციო პროექტი და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამომავლოდ სხვა საინტერესო პროექტების მომსწრენიც გავხდებით" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
„ბრედფილდის" საწარმოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია, კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, სხვა ოფიციალური პირები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.