საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.
დელეგაციაში ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და ჩინური კომპანიების წარმომადგენლები შედიან.
მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ სამრეწველო და საფინანსო სექტორებში, ჩინური ინვესტიციების გაზრდის საკითხები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანაზე და საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობაზე გაამახვილა, მათ შორის ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების გაფართოებაზე.
აგრეთვე, შეხვედრაზე ევროპაში ჩინური პროდუქციის ექსპორტისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების საკითხი განიხილეს.

















