„ბოლო თვეებში პრაქტიკულად ისეთი ეკონომიკური ზრდაა მიღწეული, რომ
ჰიპოთეტურადაც რომ დავუშვათ წლის დარჩენილ ყველა თვეში ნულოვანი ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან, 2021 წელს ჩვენ მაინც გვექნება არანაკლებ 6.5-პროცენტიანი, რეალურად კი დასახელებულზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებმა საკუთარ ადრინდელ პროგნოზებში სერიოზული კორექტივები შეიტანეს მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის დინამიკაზე ზრდის მიმართულებით,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე თავის ფეისბუქ - პოსტზე „საქსტატის“ მიერ 2021 წლის მაისში ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელს, რომელმაც 2020 წლის მაისთან შედარებით 25.8 პროცენტი შეადგინა.
ექსპერტის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის უკვე მიღწეული და მოსალოდნელი მაღალი ტემპი განპირობებულია, ერთი მხრივ, მთავრობის თანმიმდევრული და დაბალანსებული ანტიკრიზისული და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული მაკროეკონომიკური პოლიტიკით, კერძო სექტორისა და მოსახლეობისათვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამებით, მეორე მხრივ კი ბიზნესის აქტიურობით და საქმიანობის მასშტაბების გაფართოებით: მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით 50.3%-ით, ხოლო კრიზისამდელი, 2019 წლის მაისთან შედარებით - 16.9 პროცენტით გაიზარდა. 2021 წლის მაისში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3581 ერთეულს გაუტოლდა, რაც 12.5 პროცენტით აღემატება 2020 წლის მაისის თვის მონაცემს (2020 წ. მაისში - 3184).
“2021 წლის მაისში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაციის პროცესი, მზარდი პოზიტიური ტენდენციები წარმოების, მიმოქცევისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში. მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, ეკონომიკა 25.8 პროცენტით, ხოლო კრიზისამდელ, 2019 წლის მაისთან შედარებით - 11.2 პროცენტით გაიზარდა. მთლიანად, 2021 წლის იანვარ-მაისში, გვაქვს ზრდა: წინა წლის იანვარ-მაისთან შედარებით - 11.5-პროცენტით, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით - 5.5-პროცენტით (რაც კრიზისამდელი ექვსი წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელსაც კი აღემატება),” – აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, ქვეყნის ეროვნული მეურნეობის თითქმის ყველა დარგში 2021 წლის მაისში დაფიქსირდა რეალური ზრდა. აღნიშნულ დარგებში ამჟამად ქვეყნის მშპ-ის 95 პროცენტზე მეტი იქნება.
მისი თქმით, ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე პოზიტიურმა შედეგებმა ასახვა ქვეყნის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებშიც იჩინა თავი: ქვეყნის ექსპორტი (339.4 მლნ. აშშ დოლარი) 2021 წლის მაისში 45 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი (239.5 მლნ. აშშ დოლარი) - 32.5 პროცენტით გაიზარდა. მთლიანად, 2021 წლის იანვარ-მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა: ექსპორტი - 24.4 პროცენტით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი - 26.6 პროცენტით. ექსპერტის ინფორმაციით, საქართველოს გეოგრაფიული, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ჰაბისა და ბიზნესისათვის ხელსაყრელ ეკონომიკურ სივრცედ ზრდის დამადასტურებელია მაისში რეექსპრტის მნიშვნელოვანი ზრდაც, რომელმაც 87.5 პროცენტი შეადგინა.
„ხელისუფლების თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის განხორციელებული ღონისძიებები, ეკონომიკის სრულ უფრო მეტი გახსნილობა, მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდა, ტურისტული სექტორის გამოცოცხლება და აღმავლობა, სამამულო პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე მზარდი ექსპანსია, რეალური სექტორის, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის მიმართულებებით შეუქცევადი პოზიტიური ტენდენციები ქმნიან საქართველოს ეკონომიკის შემდგომი დინამიური განვითარების ობიექტურ და მყარ საფუძვლებს,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.