აპრილში სარეკორდო 44.8 პროცენტიანი ზრდის ანალოგიურად, რაც უპრეცედენტოა
პოსკრიზისული პერიოდისათვის, მაისშიც წინასწარი შეფასებით, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის ზრდამ საკმაოდ მაღალი 25.8 პროცენტიანი მაჩვენებელი შეადგინა.
ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ამ ფაქტს სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“ პოსტით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაისში, აპრილის მსგავსად, ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. მისი თქმით, 2021 წლის მაისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 45.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 339.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ექსპერტის განცხადებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე იანვარ-მაისის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 11.5 პროცენტი შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად მეტია იანვარ-აპრილის 8 პროცენტიან მაჩვენებელზე.
„ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა წლის მაისში ეკონომიკის კლება 13.5 პროცენტი იყო. შესაბამისად, 2021 წლის მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე მნიშვნელოვნად აჭარბებს არა მხოლოდ პანდემიამდე ანუ 2019 წლის მაისის მონაცემსაც, არამედ მნიშვნელოვნად (5 პროცენტზე მეტად) აღემატება 2019 წლის იანვარ-მაისის ზრდის მონაცემსაც ამავდროულად. ეკონომიკის მაღალ ზრდაზე მიუთითებს მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3,581 ერთეულს გაუტოლდა, რაც 12.5 პროცენტით აღემატება გასული წლის მაისის თვის მონაცემს,“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
ექსპერტის თქმით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის გაჯანსაღებას ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა სწორმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, და მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, რამაც შექმნა მყარი ფუნდამენტი ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისთვის.
გიორგი ცუცქირიძის პროგნოზით, ივნისშიც ზრდის მაღალი ორნიშნა მაჩვენებელია მოსალოდნელი, გასული წლის ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7.7 პროცენტიანი კლების ფონზე, ხოლო შემდგომ თვეებში ტურიზმის აღდგენის და ვაქცინაციის ფონზე, ეკონომიკის მთლიანი გახსნის პირობებში, სავარაუდოდ წლიური ზრდის ორნიშნა ციფრზე გავალთ, რაც ყველა საპროგნოზო სცენარზე გაცილებით მაღალია, მათ შორის საქართველოს მთავრობის ბაზისურ 6 პროცენტიან მაჩვენებელზეც.
„ამიტომ იყო, რომ მთავრობამ შეცვალა წლის დასაწყისის პროგნოზი და ოპტიმისტურ სცენარად წლიური 10.2 პროცენტი დაასახელა, რაც საკმაოდ რეალურია. ზრდის ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მაღალი იქნება, არამედ რეცესიული ციკლის დასრულებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უმუშევრობის შემცირებასაც, სამუშაო ადგილების შენარჩუნებით და მხოლოდ პოზიტიურად წაადგება ლარის გამყარების არსებულ ტენდენციებსაც მთლიანობაში,“ - განაცხადა ექსპერტმა.