“კომუნიკაციების კომისია ცდილობს ხელი შეუწყოს ისეთ გარემოს, რომ ბაზარზე გაჩნდნენ
ახალი მოთამაშეები და წახალისდეს კონკურენცია. სწორედ ეს არ მოსწონს მაგალითად, „მაგთიკომს“. ის ცდილობს, თავისი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენოს და საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს ბაზარზე შემოსვლის მსურველებს. სწორედ ამითაა გამოწვეული მათი არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელიც ბოლო დროს პერსონალურ ცილისწამებასაც კი შეიცავს. ვერანაირი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება ვერ მოახდენს გავლენას კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებზე. მითუმეტეს მაშინ, როდესაც, კომუნიკაციების კომისიის ყველა ნაბიჯი დამყარებულია კანონის მოთხოვნებსა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე”,- აცხადებს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.
კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჩაკეტილი ბაზრის პირობებში კონკურენცია იზღუდება რაც ტელეკომის განვითარებას აფერხებს. მისივე თქმით, ბაზრის გახსნა გარდაუვალი პროცესია, რადგან ციფრული ეკონომიკა მნიშვნელოვან წილს იკავებს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, შესაბამისად საქართველომ ეს პოტენციალი სრულად უნდა აითვისოს .
„კომუნიკაციების კომისია უსაფუძვლო ბრალდებებს ვერ აყვება, პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ „მაგთიკომს“ დაუსაბუთებელი განცხადებებიდან კონსტრუქციულ, საქმიან თანამშრომლობის რეჟიმზე გადმოვიდეს. დღეს 2021 წელია, 21-ე საუკუნეა და ჯერ არ არსებობს ისეთი დროის მანქანა, რომ წარსულში დავბრუნდეთ. ამ რეგულაციებს ალტერნატივა არ აქვს. ციფრული ეკონომიკა სულ უფრო დიდ წილს იკავებს თანამედროვე მსოფლიოში. მოდით, შევადაროთ საქართველოს მთლიან ეკონომიკაში სატელეკომუნიკაციო სექტორის წილი ისეთ ქვეყნებს, რომელთა შედარებაც ზომიდან გამომდინარე რელევანტურია. მაგალითისთვის, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მაკედონია, სერბეთი, უნგრეთი - ტელეკომის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 3%-ზე მეტია, რაც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის წილზე 2-ჯერ მაღალია. ამ ქვეყნებმა შეძლეს ციფრული პოტენციალის უკეთესად გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი - საქართველო უნდა გახდეს ციფრული ინოვაციური პროდუქტების მიმწოდებელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. ასეთი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ინვესტორ კომპანიებს სჭირდებათ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და გახსნილი ბაზარი, ამიტომაც უნდა შეიცვალოს თამაშის წესები და ქვეყანამ ეს შესაძლებლობები სრულად აითვისოს“,- განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში კახა ბექაურმა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ თანამედროვე ტელეკომის განვითარების მთავარი მამოძრავებელი არა ინფრასტრუქტურა, არამედ მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შექმნაა.
„მსოფლიოში ტელეკომ ოპერატორები დიდი ხანია ცდილობენ ფეხი აუწყონ ციფრულ ტრანსფორმაციას და ტელეკომის მოძველებული კონცეფცია ახლით შეცვალონ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ადრე ტელეკომ ოპერატორებისათვის მთავარი აქტივი ინფრასტრუქტურა იყო, ახლა თანამედროვე ტელეკომის განვითარების ძირითადი მიმართულება მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შექმნაა. ტელეკომ ოპერატორები ცდილობენ მათი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მისაწვდომი გახადონ ახალი ციფრული პროდუქტების დასანერგად. ასეთი მოდელი, როგორც თავად ოპერატორებისთვის, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც, ეფექტური შესაძლებლობაა. გვინდა, რომ ქართული სატელეკომუნიკაციო სფეროც ახალი ტელეკომ მოდელით მუშაობდეს. მსოფლიოს პროგრესულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა აღიარეს, რომ ძველი მოდელი და ფილოსოფია დღეს ეფექტურად აღარ მუშაობს. აღიარეს, რომ ინფრასტრუქტურის გაზიარება და თავისუფალი გატარება, სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ტელეკომის განვითარებას შევაფერხებთ, ეს საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თანამედროვე სამყაროში კი პროგრესი გარდაუვალია,“- განაცხადა კახა ბექაურმა.