პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს
ალან გილამს შეხვდა.
პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და კომიტეტს შორის მომავალი 4 წლის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მანდატიდან გამომდინარე საუბარი შეეხო საფინანსო საკითხებს, საბიუჯეტო პროცესს და ამ კუთხით როგორ უნდა მოხდეს დეპუტატებისა და ბიუჯეტის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა.
ერთ-ერთ აქტუალურ თემად მთავრობის ვალის საკითხი დასახელდა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა NDI-ის დახმარებით და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სახელმწიფო ვალთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემუშავდება გზამკვლევი, რომელიც მიმოიხილავს საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ წესებს სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პროცესების შესახებ, ამ პროცესში ჩართული სხვადასხვა აქტორის, მათ შორს პარლამენტის უფლებამოსილებებს, ვალის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭირვალობაზე საერთაშორისო სტანდარტს.