ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში,
- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, დღეს ეკონომიკის დაფინანსების მთავარ მექანიზმად საბანკო კრედიტი რჩება, რაც არასაკმარისია ჩვენი ეკონომიკის განვითარების მიზნებზე საპასუხოდ.
„ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით, შევქმენით საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბაზა. კაპიტალის ბაზრისათვის კრიტიკულია ბენჩმარკ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ - მთავრობის ფასიან ქაღალდებში ხშირად უცხოელი ინვესტორები დომინირებენ, რაც ასევე ქმნის ინვესტორთა ბაზას კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისათვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ინვესტორთა ზრდის მაღალი პერსპექტივები, თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება ემიტენტების მცირე რაოდენობა.
ჩვენ სხვადასხვა მექანიზმებით უნდა წავახალისოთ ადგილობრივი კორპორაციები უფრო აქტიურად გამოვიდნენ კაპიტალის ბაზარზე. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო საწარმოებს და მათი კაპიტალის ბაზარზე გამოსვლის შესაძლებლობის ზრდას. ამ არგუმენტითაც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.