საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკის(EBRD) ვიცე-პრეზიდენტ ალან პილოუს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ EBRD-ის დახმარებამ დღემდე 4 მლრდ. ევრომდე შეადგინა 250-ზე მეტ პროექტში. აღინიშნა, რომ მისი პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძალიან ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე.
ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველო, ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზას მიჰყვება, რაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერას უდიდესი როლი ენიჭება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა EBRD-ის ჩართულობაზე ეკონომიკურ სექტორში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა.
საუბარი შეეხო COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებს და განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი, როგორც პანდემიის, ასევე პოსტპანდემიურ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი ასპექტები. საუბრისას, დადებითად შეფასდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებული ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა.